ახლო აღმოსავლეთი მასშტაბური ომისთვის ემზადება. თეირანის ქუჩებში უკვე დაიწყეს საჰაერო თავდაცვის კომპლექსების განლაგება. შეერთებულმა შტატებმა კი ხმელთაშუა ზღვაში 12 ხომალდი განათავსა. ომისთვის მზადება რეგიონის რიგ ქვეყნებში ისრაელის მიერ მოკლული "ჰამასის" ლიდერის გლოვის ფონზე მიმდინარეობს.
ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალ ჰომეინიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ნებართვა უკვე გასცა. რეგიონში დაპირისპირების ეტაპი ისრაელის მიერ თეირანში ჩასული ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია გახდა. ირანში ახლა ისრაელზე დარტყმის სცენარს ათანხმებენ. ისრაელი აცხადებს, რომ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.
ირანი იემენთან, სირიასთან და ერაყთან ერთად ისრაელზე კოორდინირებულ შეტევას ათანხმებს. ამგვარი თავდასხმების არიდებას ისრაელი მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახერხებდა. თეირანმა გაეროს უშიშროების სხდომა მოიწვია და ამერიკა მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე მხარედ დაასახელა.
ამერიკის შეერთებული შტატები დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფს, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ თეირანზე განხორციელებული იერიშის შესახებ არაფერი იცოდა. ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაციას შემაშფოთებელი და კონფლიქტის შეჩერებისთვის უსარგებლო ნაბიჯი უწოდა.
ვიდრე ნეთანიაჰუ თავდაცვისთვის ემზადება, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია ისრაელშიც იგლოვეს. თელ-ავივში თურქეთის საელჩომ დემონსტრაციულად დროშა დაუშვა. ისრაელის საგარეო უწყებამ თურქეთის დიპლომატი საყვედურისთვის დაიბარა. უცნობია, გაუზიარებს თუ არა საყვედურის მოსასმენად მისული თურქეთის ელჩი ისრაელს საკუთარი დიპლომატიური უწყების განცხადებას, რომელშიც თურქეთი ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელს ჰიტლერის ბედის გაზიარებას ჰპირდება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე