დღეს ილიაობაა. საქართველოს საპატრიარქო წმინდა ილია მართლის ხსენების, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს. ტაძარში მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ჩაატარა. მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.
"დღეს მინდა თქვენ ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღე. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დღეს მობრძანება და წირვის ჩატარება. მაგრამ ჩვენ, მისი სულიერი შვილები აქ ვართ შეკრებილნი და ვხარობთ ასეთი სულიერი მამის და წინამძღოლის გამო. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა შთაგონებული იყოს სწორედ წმინდა ილია წინასწარმეტყველის მაგალითით. ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახდა ჩვენთვის მაგალითი ამ თვისებების - მოშურნეობის, სიყვარულის, ერთგულების, სიმტკიცის და სიმამაცის," - აცხადებს მეუფე შიო (მუჯირი).