ძიუდოისტ ილია სულამანიძესთან, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, "რუსთავი 2-მა" ინტერვიუ ჩაწერა.
- როდის გადაწონა ძიუდომ ყველა სხვა დანარჩენი და როდის მიხვდა ილია სულამანიძე, რომ ძიუდო უნდა ყოფილიყო მისთვის ამოსავალი წერტილი?
"ერთი ისტორია იყო, მე და ჩემი ძმა ცეკვაზეც დავყავდით, 14 წლისები ვიყავით და ისე დაემთხვა, რომ ცეკვის კონცერტი ემთხვეოდა ძიუდოს შეჯიბრს. მოხდა ისე, რომ კონცერტზე წამოვედი და ჩემი ძმა შეჯიბრზე. ყველაფერს რომ მოვრჩით, ხალხმა ტაში დაგვიკრა, სახლში რომ მოვდიოდით, დაგვირეკეს შენი ძმა ჩემპიონი გახდაო და მთელმა "მარშუტკამ" ტაში დავუკრათო. დაუკრეს ტაში, მათ შორის, მე ვინც მომწონდა იმ გოგომაც დაუკრა ტაში. მეორე დღესვე გამოვედი ცეკვიდან და ძიუდოზე დავიწყე ორმაგად ვარჯიში. ეს იყო 14-15 წლის ასაკში," - აცხადებს სულამანიძე.
- რა არის ამოსავალი წერტილი წარმატების მისაღწევად?
"გააზრებული შრომა, მეტი არაფერი," - ამბობს ილია სულამანიძე.
- ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ არიან, რამდენად დიდია მათი როლი იმაში ილიას წარმატებაში?
"მადლობა ღმერთს რომ ჩემს ირგვლივ ისეთი ხალხია, რომ ყველას გააზრებული აქვს ეს პასუხისმგებლობა. ხანდახან ვსარგებლობ კიდეც, ხელის გულზე მატარებენ, განა ზედმეტად, როგორც საჭირო არის, როგორც სპორტსმენს სჭირდება. მე რომ მოვდივარ შეკრებაზე, მერე ვიაზრებ ხოლმე, თუ რა გამიკეთა მეგობარმა, ან ოჯახის წევრმა თავისუფალ დროს. ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რა გზაზე ვდგავარ და რისთვის ვიბრძვი. ძალიან ხელს მიწყობენ, მადლობა ღმერთს და ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემზე რომ არ არის დამოკიდებული და კარგად მიდის, მადლობას ვეუბნები ხოლმე ყველას," - აცხადებს ილია სულამანიძე.