22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყით სარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება - რას გულისხმობს ცვლილებები

ხე-ტყის უკანონო ჭრა, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, ან კანონიერი საამქროები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას იბარებენ და ამუშავებენ - ეს ყველაფერი გარემოს მძიმედ აზარალებს, რაც დიდი ხანია გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი და ზედამხედველი ორგანოებისთვის უცვლელ გამოწვევად რჩება. ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, ხშირად აქვეყნებენ ინფორმაციას დალუქული ობიექტების, დაჯარიმებული საწარმოების თუ კერძო პირების შესახებ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ არის. ამ ფონზე მთავრობამ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილებების მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის. ზოგიერთი მუხლი კი რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა მკაცრდება. მაგალითად, თუ საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევაზე 1 წლამდე პატიმრობა იყო გათვალისწინებული, სასჯელი 3 წლამდე გაიზრდება.

ახალი მუხლი იქმნება სახერხის ტერიტორიაზე არამარკირებული მასალის განთავსების შემთხვევაში. ეს ამ დრომდე ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. დიდი ოდენობის ამოღების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.

სანქცია მკაცრდება ხეტყის უკანონო გაჩეხა-დამზადებაზე. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო ჭრისთვის 5-დან 7 წლამდე საპატიმრო სასჯელი დაწესდება. გამკაცრება შეეხება ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც- აქ სასჯელი 3-5 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.

პრობლემის სიმწვავეს აჩვენებს დარღვევის ფაქტების სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 500-მდე ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკანონო ტყით სარგებლობის 1100-ზე მეტი შემთხვევა, 81 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 360 ფაქტი აქვს აღრიცხული.

 

 

დღის ამბები