22 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქართული ძიუდოს ისტორიაში, ქვეყანას პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ბექაურმა პარიზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

ქართული ძიუდოს ისტორიაში, ქვეყანას პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ბექაურმა პარიზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ძიუდოში ასეთი შედეგი ჯერ არცერთ ქართველს დაუდია. არც მსოფლიოში იძებნება ძიუდოისტი, რომელიც 23 წლის ასაკში ორი ოლიმპიური ოქროთი მოიწონებდა თავს. ლაშა ბექაური დადებულ პირობას ასრულებს და ისტორიაში შედის.

უმაღლესი კვარცხლბეკიდან ქართული ჰიმნის მოსმენა, ემოციების გარეშე წარმოუდგენელია. ემოციების გამოხატვა კი ლაშას კიდევ ერთი ძლიერი მხარეა. ისევე, როგორც მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მხრიდან ჩვენება.

ბერძენ და ფრანგ ბრინჯაოსმედალოსნებთან და ვერცხლისმედალოსან იაპონელთან დაძაბული ორთაბრძოლა იყო. სანშირო მურაო ლაშა ბექაურის უკანასკნელი მეტოქე იყო ტატამზე, სადაც ბრძოლა სწორედ იაპონელის უპირატესობით დაიწყო, თუმცა ქართველმა გლადიატორმა ვაზარი მალევე გაათანაბრა, ძალები მოიკრიბა და ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წამით ადრე მეტოქის დაწყებული გდება სხარტი კონტრილეთითა და გამარჯვების იპონით დაასრულა. ორთაბრძოლებმა მეტოქეები დააახლოვა.

საქართველო ამაყობს და ზეიმობს, განსაკუთრებით კი ბექაურის მშობლიური მხარე. არხილოსკალოში დარჩენილი ბებია მილოცვებს ვერ აუდის და ჯერ ისევ ემოციებშია. როგორც თავად ამბობს, ერთ დროს მოუსვენარმა ბავშვმა სიზმარი ცხადად აქცია. პატარა ონავრად იხსენებს ბექაურს მისი პირველი მწვრთნელიც.

მილოცვები ბექაურმა ბევრისგან მიიღო, წარმატებული ქართველი სპორტსმენებისგან დაწყებული, მთავრობის წევრებით დასრულებული. ორთაბრძოლის ყურების შემდეგ მას პირადად პრემიერმაც დაურეკა. მოგვიანებით კი დიდი გამარჯვება საჯაროდაც მიულოცა.

ფინალამდე კი იყო დაუმარცხებელი სერია ბულგარეთის,კორეისა და ესპანეთის წარმომადგენლებთან. ამ უკანასკნელს ქართველი ტატო მოსაყდრიშვილი წარმოადგენდა. ორი ქართველის დაპირისპირება და თბილი საუბარი შეხვედრის მარგალიტი იყო. თითოეულ მატჩს ყურადღებით აკვირდებოდა ქართული დელეგაცია,რომელიც ლაშა ბექაურს გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზში რჩება. 33-ე ოლიმპიადა გრძელდება, წინ 10 დღე და ბევრი გამარჯვებაა.

დღის ამბები