22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 95 მილიონი დოლარი გაყინულია - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარებას უჩერებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ამ თემაზე დღეს ვრცელი განმარტება გააკეთა. მანამდე იყო ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ შტატები საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობების გადახედვას განაგრძობს. ვედანტ პატელის თქმით, გადატვირთვა მხოლოდ ხელისუფლების რიტორიკის ცვლილების და "გამჭვირვალობის კანონის" გადახედვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დახმარების პაკეტის გაყინვაზე დღეს, შეერთებული შტატების ელჩმაც ისაუბრა.

პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებას დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ნებისმიერ დროს, მზადაა.

95-მილიონიანი პაკეტის დროებით შეჩერებას მმართველი გუნდის პასუხისმგებლობად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროცესი გაგრძელდება, რაც ქვეყანას პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური მიმზიდველობის კუთხითაც დააზიანებს.

ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციურს, სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებას კი არაპარტნიორულს უწოდებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძველ რელსებზე დაბრუნებას ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ ქვეყნისთვის შეჩერებული დახმარება ენჯეო სექტორის გაძლიერებას მოხმარდება. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, ამერიკამ დროებით საქართველოში "საიმედო პარტნიორის" სახელით ცნობილი სამხედრო წვრთნებიც შეაჩერა.

 

 

 

დღის ამბები