22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" ძალაში შევიდა - ვინ უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში და რა სანქციები ემუქრებათ კანონდამრღვევებს

დღეიდან, ყველა ორგანიზაციამ, რომლის შემოსავლის 20% უცხოეთიდან ფინანსდება, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ენჯეოების ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობას გამორიცხავს. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ მესამე სექტორის შევიწროებას ემსახურება.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია, ორგანიზაციამ, წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყარო, ოდენობა და მიზანი ასახოს, და ასევე, უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებაც.

კანონს კვლავ ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა.

მესამე სექტორის ნაწილის გადაწყვეტილება, სახელისუფლებო გუნდს, არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებსა და სამომავლო გეგმებზე დამატებით ეჭვებს უჩენს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერებმა დღეს კანონის აუცილებლობასა და საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარით. ასევე, თუ ორგანიზაცია სამინისტროს ვებ გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, არ შეავსებს განაცხადის ფორმას ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში, ორგანიზაცია ასევე 10 1000 ლარით დაჯარიმდება. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა კი 20 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

დღის ამბები