22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პარტიაში იყო ძალიან სერიოზული უთანხმოება, როგორც რეგიონული, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრების დიდ ნაწილში - გიგი წერეთელი

"ევროპულ საქართველოში" არსებულ დაპირისპირებას, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ადასტურებს. როგორც მან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პრაიმერიზის ჩატარების წესმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია. მისი განცხადებით, გიგა ბოკერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინახა და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"პარტიაში იყო ძალიან სერიოზული უთანხმოება, განსაკუთრებით პრაიმერიზის შემდეგ, იყო მომენტები, რამაც ნდობა ფაქტობრივად ნულამდე დაიყვანა. იყო სერიოზული უკმაყოფილება პარტიის ლიდერების, როგორც რეგიონული, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრების დიდ ნაწილში.

დეტალებზე მოგვიწევს საუბარი, მე ვხედავ რომ პარტიის თავმჯდომარემ დაინახა თავისი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში და მიიღო ეს გადაწყვეტილება. შევიკრიბებით, პარტიაში არის პოლიტიკური საბჭო, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება პარტიის სტრატეგია სამომავლოს. იქნება ეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, თუ შესაძლოა რაიმე კოალიცია," - განაცხადა გიგი წერეთელმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პოსტი და პარტია დატოვა. "ევროპული საქართველო" დატოვეს თამარ ჩერგოლეიშვილმა და მათმა მხარდამჭერებმაც. გიგა ბოკერია მიზეზად პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, გიგი წერეთელთან, გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და პარტიის წევრების ნაწილთან დაპირისპირებას ასახელებს, რომლის საბაბიც, მისი თქმით, პარტიაში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგები გახდა.

გიგა ბოკერია ამბობს, მისი თანაგუნდელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ასევე მისი პოზიცია, როცა მან მხარი მეორე სიას დაუჭირა. კითხვაზე, ამის შემდეგ შექმნის ცალკე პარტიას, თუ ვინმესთან გაერთიანდება, გიგა ბოკერია ამბობს, რომ გადაწყვეტილება არც კი განუხილავს.

დღის ამბები