22 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება - გამოძიების კითხვებს დღეს სამმა პირმა უპასუხა

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების კითხვებს დღეს სამმა პირმა უპასუხა. გამოკითხვები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, როგორც სუს-ში, ასევე საქალაქო სასამართლოში.

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დასმული შეკითხვები ტერორიზმის საქმეს ეხებოდა.

"იყო დასახელებული [სახელები და გვარები], ვისაც ვიცნობდი - ვუთხარი, ვისაც არა - ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი. იყო ბატონ გია ლორთქიფანიძეზე კითხვა დასმული და გიორგი უდესიანზე, ვუთხარი, გიო უდესიანს ვიცნობ და არის ჩემი მეგობარი, იყო, არის და იქნება. ბევრნაირ ვერსიაზე მუშაობენ და რა ვერსიაა, მართლა არ ვიცი. აფეთქება, ჩასაფრება - ყველაფერზე არის ლაპარაკი,“ - აცხადებს ვაჟა ციცილოშვილი.

ერთ-ერთი გამოკითხული ბექა ჭულუხაძე ამბობს, რომ კითხვები ასევე შეეხებოდა - იღებენ თუ არა ვინმესგან დავალებებს ყოფილი ძალოვნები.

"თუ აპირებდით რამე ტერაქტს, ან დავალება თუ მოგცეს ივანიშვილთან მიმართებაშოი. აინტერესებდათ ვინმესგან იღებთ თუ არა რაიმე დავალებებს, რომ აქ ტერორისტული აქტი მოაწყოთ და ეგეთი რაღაცები იკითხეს,“ – აცხადებს ბექა ჭულუხაძე.

ვაჟა ციცილოშვილის და ბექა ჭულუხიძის ადვოკატი, ბექა ბასილაია, ამბობს, რომ დაკითხვაზე დაბარებული არიან ასევე სხვა პირებიც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

"თითქოს, ვაჟა, ბექა და კიდევ სხვა ქართველი მებრძოლები, რომლებიც ოკუპანტს ებრძვიან უკრაინის მიწებზე, რაღაც არეულობას გეგმავენ საქართველოში. არა მხოლოდ ამ ორ მოწმესთან დაკავშირებით გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის თითქოს და თავდასხმის ფაქტი. ჩემს დანაყოფში მყოფი ბიჭების ნაწილიც დაიბარეს,“ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

მაური მაჩალიკაშვილის ადვოკატი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს, ამბობს, რომ საქმის დეტალების გახმაურების უფლება არ გააჩნია.

"გამოკითხვა განხორციელდა კონკრეტულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ გამომძიებელმა გაგვაფრთხილა მონაცემების გაუხმაურებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას რაიმე კითხვაზე გიპასუხოთ,“ - განაცხადა მაური მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩოხაშვილმა.

გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე. უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

დღის ამბები