ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში, უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და, უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.
"მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობისთვის პრიორიტეტს.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივან, პიტერ სტარაისთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბარნა პალ ჟიგმონდისთან, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბალაშ მოლნერთან და ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან ბაგლარკა ბოიასთან", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.