"უფრო კი, თუმცა არაც შეიძლება" - ასეთია დონალდ ტრამპის პასუხი კამალა ჰარისთან დებატების პერსპექტივაზე. Fox new-თან ინტერვიუში, ყოფილმა პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო მეტოქის სისუსტეზე საუბარს და თქვა, რომ დებატებში ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მისთვის პრეზიდენტ ბაიდენზე მარტივი დასამარცხებელი იქნება. მიუხედავად ამისა, მისი პასუხი ლავირების საშუალებას იძლევა.
ტრამპის მეტოქეს, უკვე ერთი კვირაა, ეჭვი აქვს, რომ 45-ე პრეზიდენტი დებატებისგან უკან იხევს. თავად ჰარისმა, გასულ კვირას, პირდაპირი ეთერისთვის მზადყოფნა უკვე გამოაცხადა და მოაწერა კიდეც ხელი პრეზიდენტობის კანდიდატურის დაფიქსირებისთვის საჭირო ოფიციალურ ფორმას. "ვიმუშავებ მთელი ძალით, რათა მოვიპოვო თითოეული ხმა. ნოემბერში კი, ხალხით გაძლიერებული ჩვენი კამპანია გაიმარჯვებს" - დაწერა მან. დროს არ კარგავს და ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს იმისთვის, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიზიდოს.
კამალა ჰარისის გამოჩენამ ბევრ დემოკრატს მისცა იმის იმედი, რომ პარტია არჩევნებში მარცხისთვის განწირული არაა. გამოკითხვები, რომელიც ყოველ კვირეულად ტარდება, აჩვენებს, რომ ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა განეიტრალებულია და ახლა ჰარისსა და ტრამპს შორის მინიმალური სხვაობა ხან ერთის, ხან მეორის სასარგებლოდ იცვლება. ბოლო მონაცემი 49/47-ზეა, რესპუბლიკელების კანდიდატის სასარგებლოდ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. ამ დროის განმავლობაში, დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები უცხოური ძალების ჩარევის მცდელობას არ გამორიცხავენ. ამაზე შტატები, პირველად, 2016 წელს ალაპარაკდა და მას შემდეგ ეს საფრთხის კატეგორიაშია. FBI-ს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ არაერთი უცხოელი აქტორია დაინტერესებული ხუთი ნოემბრის არჩევნებით. ამ მხრივ, ირანზე, ჩინეთზე და კუბაზე დიდ საფრთხედ შტატებში, ტრადიციულად, რუსეთი სახელდება. მედია უკვე წერს, გააქტიურებული ჰაკერებისა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლის მიზანიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაა.