საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა 1 წელიწადში დასრულდეს, თუმცა პრემიერი აქვე არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ეს იანვარშიც კი მოხდეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის დასრულება, პირველ რიგში, უკრაინისთვისაა მნიშვნელოვანი და ასევე, რეგიონში ვითარებას დაამშვიდებს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციასაც ეფუძნება ომთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, რაც ითქვა არაერთხელ, რომ დასრულდება ომი უკრაინაში. ეს პირველ რიგში უკრაინისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა არამარტო უკრაინისთვის, მთლიანად, რეგიონი დამშვიდდება, იმ შემთხვევაში, თუ რაც შეიძლება მალე დასრულდება ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდ იმედებს ვამყარებთ იმაზე, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ჩვენი პროგნოზით, ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 1 წელიწადში, თუმცა, შესაძლებელია იანვარშიც დასრულდეს. კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული.
რაც შეეხება ხელისუფლების როლს და პოზიციას, ჩვენ უნდა დავიჭიროთ ღირსეული პოზიცია და ბოლომდე დავიცვათ ეროვნული ინტერესები. ზუსტად ეს გავაკეთეთ თავის დროზე, 2022 წელს, როცა იყო ძალიან დიდი ინტერესი მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს ინტერესი იყო კონკრეტული ფორმით გამოხატული, მათ შორის, მინდა შეგახსენოთ, საჯაროდ რა მოთხოვნებსაც აყენებდნენ "ენჯეოები," რადიკალური ოპოზიცია. სხვა თემებზე არ მინდა ვისაუბრო, ვინ რას საუბრობდა დახურულ კარს მიღმა.
პირდაპირ საჯაროდ დააყენეს 2 კონკრეტული მოთხოვნა: ერთი - სანქციების დაწესება და გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შევუერთდებოდით სანქციებს. იყო აბსოლუტურად არაჯანსაღი რეაქცია, ანტისახელმწიფოებრივი რეაქცია ამაზე, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, "ენეჯოების" მხრიდან. და მეორე მოთხოვნა რაც დაგვიყენეს ეს იყო - უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. თუ პირველი გადაწყვეტილება ნიშნავდა ეკონომიკის ჩამოქცევას და ესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმას, რაც საბოლოო ჯამში მეორე ფრონტამდე მიგვიყვანდა, მეორე მოთხოვნა უკვე პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.