კამალა ჰარისის პირველი საჯარო შეხვედრა, პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის რანგში სწორედ ისეთი იყო, როგორც ივარაუდეს: ის საარჩევნო კამპანიას პროკურორის როლით იწყებს, ნიუ-იორკში გასამართლებული დამნაშავის წინააღმდეგ. ვისკონსინში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, ჰარისი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს წაყენებული ბრალდებების შეხსენებით დაესხა თავს და შეეცადა ეჩვენებინა, რომ არჩევანი პროკურორს და გასამართლებულ დამნაშავეს შორისაა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ნომინაციის მოსაპოვებლად, როგორც დემოკრატები განმარტავენ, პარტიის დელეგატთა საკმაო რაოდენობა ჰყავს. მხარი დაუჭირეს ჰარისს კონგრესის გავლენიანმა კანონმდებლებმაც, მათ შორის, სენატის და ქვედა პალატის დემოკრატთა ლიდერებმა.
საარჩევნო მარათონიდან ჯო ბაიდენის გასვლის შემდეგ, ჰარისმა 2 დღეში მოახერხა უპრეცედენტოდ დიდი შემოწირულების, 100 მილიონი დოლარის მოგროვება და პოზიცია რეიტინგებშიც გაიუმჯობესა. "როიტერის" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს ჩატარდა, ჰარისმა დონალდ ტრამპს 2%-ით გაუსწრო. მცირე ცდომილება, როგორც წესი, ამ მონაცემებში გასათვალისწინებელია.
ტრამპის გარემოცვა თვლის, რომ ჰარისის წარმატება დროებითია და მედიის ფართომასშტაბიანი ყურადღებით არის განპირობებული. ვარაუდობენ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 100 დღის მანძილზე, ტრამპს დემოკრატ კანდიდატზე შეტევის პარალელურად, თავდაცვით პოზიციაში ყოფნაც მოუწევს. სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი ჰარისს მატყუარას უწოდებს.
დონალდ ტრამპი დაუცველი საზღვრის გამო, ვიცე-პრეზიდენტის დადანაშაულებას განაგრძობს, თუმცა ჰარისის როლი საზღვართან დაკავშირებით, საკმაოდ შეზღუდული იყო. ის სასაზღვრო და საიმიგრაციო პოლიტიკას არ ხელმძღვანელობდა და არც ზედამხედველობდა. ვიცე-პრეზიდენტს ევალებოდა ელ სალვადორში, გვატემალასა და ჰონდურასში სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება, იმ იმედით, რომ ეს მომავალში მიგრანტების რაოდენობას შეამცირებდა.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისმა ასევე უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, შეუძლია თუ არა ჯო ბაიდენს კიდევ 6 თვით ქვეყნის მართვა და ხომ არ იღებენ ამ უფლებას ხელში ვაშინგტონელი მოხელეები, რომლებიც არ აურჩევიათ.