22 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"ღამის კურიერის" სტუდიაში 3 წლის წინ მომხდარი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე ახლა უკვე გაერთიანდნენ - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მათ ერთობას

3 წლის წინ დაემუქრა, თუმცა წინასაარჩევნოდ ხელი მაინც ჩამოართვა და საკუთარ გაერთიანებაშიც მიიღო. მატყუარა, თაღლითი, მოღალატე, ხალხის მძარცველი - ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც 3 წლის წინ მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთი "ღამის კურიერის" ეთერში მოიხსენიეს. პოლიტიკოსები ფიზიკური დაპირისპირებისგან მაშინ "რუსთავი 2-ის" დაცვის სამსახურმა გადაარჩინა. დღეს ელისაშვილი სოციალურ ქსელში შერიგების აუცილებლობაზე წერს. "ლელოში" კი ქრისტიანულ მორალზე და შენდობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

ახალი ოპოზიციური გაერთიანება მთავრობის მეთაურისთვის დასტურია, რომ ოპონენტების სიტყვა და საქმე თანხვედრაში არასდროს მოდის. ირაკლი კობახიძის თქმით, წარსულში რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების ერთობა ოპოზიციურ სპექტრში არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს.

ხაზარაძე-ელისაშვილის პოლიტიკურ ალიანსს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციაშიც. იაგო ხვიჩია, რომელიც პოლიტიკოსებს ჩხუბის დროს "რუსთავი 2-ის" დაცვის სამსახურთან ერთად აშველებდა, ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ძირითადად დღეს მსგავსი გაერთიანებები გვხვდება. ელისაშვილი მიუღებელი და წამგებიანი ფიგურაა ეკა ბესელიასთვისაც. ახალ ალიანსს მიესალმება ნიკა გვარამია, რომელიც თავად "ლელოსთან" გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდა.

"ლელოს" და ელისაშვილის პარტიის გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს ოპონენტების წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენეს. კანონმდებლები ლობისტების დაკვეთასა და საარჩევნო სასოწარკვეთაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პარლამენტში რამდენიმე ადგილის მოსაპოვებლად გაბანკროტებული ოპოზიცია საკუთარ თავთან წინააღმდეგობასაც კი არ ერიდება.

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვე რჩება. ოპოზიციის ნაწილმა აქტიურ საარჩევნო კამპანიასთან ერთად საარჩევნო კოალიციების შექმნაც დაიწყო. კიდევ ვინ ვის ჩამოართმევს წარსულში დასარტყმელად გამზადებულ ხელს, უახლოეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები