22 ნოემბერი 2024,   08:11
ვრცლად
როდესაც დიდ წარმატებას აღწევ, იწამლები და გინდა, რომ უკეთესი და უკეთესი იყო - ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის დაწყებამდე

"ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და სპორტში 100%-ით ვდებდი იმ შრომას, რაც ჩასადები იყო", - ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ, ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, გადაცემა "შუადღეში" ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც სპორტსმენი წარმატებას აღწევს, ის ამ შეგრძნებით იწამლება და მწვერვალების დაპყრობას ცდილობს.

"როდესაც დიდ წარმატებას აღწევ, იწამლები და გინდა, რომ იმაზე უკეთესი და უკეთესი იყო. ყველი წარმატება გწამლავს და გინდა, რომ მეტს მიაღწიო", - განაცხადა ილია სულამანიძემ.

რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, სულამანიძე ამბობს, რომ ამისთვის ბავშვობიდან ემზადება და ახლა, როდესაც მიზანთან ძალიან ახლოსაა პასუხისმგებლობაც იზრდება.

"ბავშვობიდან რომ რაღაცისთვის ემზადები და იმასთან რომ ძალიან ახლოს ხარ, პასუხისმგებლობას გიჩენს. არ გვაქვს უფლება, რომ ემოციებს ავყვეთ, სანამ იქ არ მივალთ და არ დაგვჭირდება ეს ყველაფერი", - განაცხადა სულამანიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, სპორტსმენი ამბობს, რომ ხშირად აკონტროლებს ემოციებს, რათა ზედმეტად არ დაზიანდეს, თუმცა ის მხოლოდ ოქროს ოლიმპიურ მედალზე და მისგან მიღებულ ემოციებზე ფიქრობს.

"ვაკონტროლებ ხოლმე ფიქრებს, რომ არ გამექცეს და ზედმეტად არ დავზარალდე, მაგრამ მხოლოდ ოქროს მედალს წარმოვიდგენ და ფინალში გამარჯვებულ ემოციას", - განაცხადა ძიუდოისტმა.

სპორტსმენი დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ყველაფერი გამოსწორებულია და ოლიმპიური თამაშებისთვის მზად არის.

"იყო შეცდომები, რის გამოც შეიძლება უფრო წარმატებული ვყოფილიყავი. ყველა შეცდომა ინდივიდუალური იყო. ახლა ვფიქრობთ, იმ მომენტზე ვართ, რომ ყველა შეცდომა გამოსწორებულია. ყველაფერი სიმაღლეზე გვყავს აყვანილი და შევუტევთ ოლიმპიადას", - განაცხადა ილია სულამანიძემ.

დღის ამბები