"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის კეზერაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა და ეს სუს-ის მიერ "შემოგდებული ცრუ ინფორმაციაა".
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, კეზერაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხება აქვს, მაგრამ პარტიის უკან ხალხი დგას და მათთან ერთად აპირებენ გამარჯვებას.
"ეს არის სუს-ის შემოგდებული ცრუ, ყალბი ინფორმაცია. ამ პარტიის უკან ხალხი დგას და არა კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ ბევრი ადამიანი გვაფინანსებს და ეს დაფინანსების წყაროები იქნება საჯარო და გამჭვირვალე. "ქართულმა ოცნება" აიშენა 19 მილიონი დოლარის ღირებულების ოფისი და თუ სადმე შავი ფულია, იქ არის. [კეზერაშვილს] რა თქმა უნდა, შეხება აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", შეიძლება, სხვასაც აქვს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რითაც მომივარდნენ აეროპორტში, ეს არის ტყუილი. ისე მოხდა, რომ მხოლოდ 4 მედია საშუალება იყო, ეს არის სუს-ის მიერ შემოგდებული ყალბი ინფორმაცია, რომელზეც, სამწუხაროდ, წამოეგნენ მედიასაშუალებები. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ არ გაავრცელებთ ამ ყალბ ინფორმაციას. ასეთი სიყალბე არ უნდა იკადროს ჟურნალისტმაც. ჩვენი ერთიანობის ზურგსუკან დგას ხალხი და ხალხთან ერთად გამარჯვებას ვაპირებთ. საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.