კვიპროსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან ერთად დაბრუნებული გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან შეხვედრას უარყოფს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, ჯერ აეროპორტში და შემდეგ პარტიულ ოფისში, თქვა, რომ ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, მეუღლესთან ერთად, ორდღიანი შვებულება გაატარა, პეტრე ცისკარიშვილი კი მის გვერდით შემთხვევით აღმოჩნდა. "კურიერის" ინფორმაციით, "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელთან, ცისკარიშვილისა და ვაშაძის გარდა, პარტიის ახალი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დავით კირკიტაძე და დიმიტრი ჩიქოვანიც იმყოფებოდნენ და მორიგი კვიპროსული თავყრილობის მიზეზი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საკადრო პოლიტიკაში აქტიური ჩარევის გამო, კეზერაშვილის უკმაყოფილება გახდა.
თავდაცვის ყოფილი, ძებნილი მინისტრი რომ, საკუთარი ფინანსების სანაცვლოდ, ოპოზიციური პარტიის საკადრო პოლიტიკის კონტროლზე პრეტენზიას აცხადებს, ეს მმართველ გუნდში აღარ უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობა" კლანური მეთოდებით იმართება, რასაც მათი ლიდერების კიდევ ერთი კვიპროსული ვოიაჟიც ადასტურებს.
ავიარეისი ლარნაკადან, რომელსაც, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად, გიორგი ვაშაძე და პეტრე ცისკარიშვილი ჩამოჰყვნენ, "ნაცმოძრაობაში" არსებული ერთპიროვნული მმართველობის მტკიცებულებაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ბუნება არ შეცვლილა.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, დღეს, სააკაშვილ-კეზერაშვილის ინტერესთა კონფლიქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მედიასთან არ გამოჩენილა კვიპროსიდან ქუთაისში ჩამოფრენილი თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლისძმაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ახლა მათი ოპონენტების დუმილი ლოგიკურია, რადგან "ნაცმოძრაობის" წევრთა ინტერესს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა და საპარლამენტო სიაში ადგილი წარმოადგენს.
რაზე შეთანხმდნენ ლარნაკაზე დაბარებული ოპოზიციონერები მთავარ დამფინანსებელთან, ჯერჯერობით, უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, კეზერაშვილს პატიმარი ექს-პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებები არ მოსწონს და დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება.