"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სარჩელი შედის. მესამე სექტორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება დროებით შეჩერდეს.
სახელისუფლებო პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, მესამე სექტორის მხრიდან, სპეკულაციაა იმ სასამართლოსთვის მიმართვა, რომლის დისკრედიტაციასაც თავად ახდენენ.
არასამთავრობო სექტორის შემდეგ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის დადგენისთვის, სასამართლოს ოპოზიციაც მიმართავს, თუმცა სარჩელს პარტიების სრული მხარდაჭერა არ ექნება.
საკონსტიტუციოს უკვე ჩაბარდა პრეზიდენტის მიერ მომზადებული სარჩელი. საპარლამენტო უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ამბობენ, რომ სწორედ პრეზიდენტი იყო ის, ვინც, თავის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, მოსამართლეების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, ახლა კი, იგივე შემადგენლობას სარჩელის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ნორმა, რომელიც არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, არ შეიძლება, საქართველოში დემოკრატიის საფრთხე იყოს.