22 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
მოგზაურობა მთებში გემოებთან ერთად, მთის ცხოვრება, მოსახლეობის ყოველდღიურობა, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები - "მთის დღეები 2024" დაიწყო

თუშეთში ცხენზე ჯირითში შეჯიბრი მთის ძველი ტრადიციაა, რომელიც დღესაც ხშირად იმართება და ყოველთვის, როდესაც მაღალმთიანი რეგიონები "მთის დღეებს" აღნიშნავს. ყოველწლიური ფესტივალი ერთად კრებს ადგილის როგორც შინაარსობრივ, ისე მის გამომხატველ სურათხატებს. აერთიანებს ადგილობრივთა კულტურას, კულინარიას, საუკუნოვან ტრადიციას. დღეს "მთის დღეების" მასპინძელი თუშეთი, მესტია, ხევსურეთი და ყაზბეგია, რომელთა უნიკალურ გემოებსა და ბუნებას სტუმართაგან ბევრი პირველად ეზიარა.

ფესტივალს სამწლიანი ისტორია უკვე აქვს, ხოლო მისი პირველი მასპინძელი წელს ხევსურეთია. შატილში, სხვა რეგიონების მსგავსად, ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს, შეფმა კი ხინკალი ხევსურული ტრადიციით მოამზადა. ხინკალი, ალბათ ყველას, ვინც ხორცს მიირთმევს და საქართველოს მიწაზე ფეხი დაუდგამს, დაგემოვნებული აქვს, თუმცა "მთის დღეებზე" რეგიონებში მომზადებულ ხინკალს და მასთან ერთად, სხვა ადგილობრივ კერძებს, განსაკუთრებული გემოვნურ თვისებები აქვს, რადგან ფესტივალზე მზარეულები ადგილობრივ, მთაში მოყვანილ პროდუქტს იყენებენ.

"მთის დღეების" სტუმრები ასევე ეცნობიან რეგიონში გავრცელებულ ხელსაქმეს, უნიკალური ნაკეთობების დამზადების ტრადიციასა და ტექნიკას.

მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, როგორც თავად ამბობენ, "მთის დღეებს" მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, მზადებას კი დიდი ხნით ადრე იწყებენ. სტუმარი ფესტივალს არასდროს აკლია, მათ შორის, მთავრობის წევრებიც. დღეს თუშეთს სტუმრობდა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. დაათვალიერა ომალოში ღონისძიების ტერიტორია, ისაუბრეს როგორც მაღალმთიანი რეგიონების მიზიდულობის ცენტრად ქცევაზე, ისე "მთის დღეების" მნიშვნელობაზე ადგილობრივებისთვის და ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის.

"მთის დღეების" განრიგშია თავმოყრილი კონცერტების ჩამონათვალიც. ყველგან, სადაც ფესტივალი იმართება, რეგიონს ცნობილი მომღერლები და ანსამბლების სტუმრობენ.

"მთის დღეების" აღნიშვნა დღეს არ დასრულებულა, ეს მხოლოდ სტარტი იყო, შემდეგი გაჩერებები კი, 20 ივლისს, ბახმარო, გორდი, გოდერძი და ცაგერი იქნება.

დღის ამბები