ალ-მავასში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის იერიშს, 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. ღაზის სამხრეთ ნაწილის ერთადერთი ჰოსპიტალი, დაჭრილების დიდი რაოდენობის გამო, კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტერიტორია, რომელზეც ისრაელმა შეტევა განახორციელა, ათასობით პალესტინელის საცხოვრებელი იყო. ეს ადგილი ისრაელის მთავრობის მიერ უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული.
"ცაჰალის" ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მეთაური მუჰამედ დეიფი იყო. ჯერჯერობით უცნობია, გადაურჩა თუ არა 7 ოქტომბრის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ტერორისტი ისრაელის დარტყმას, თუმცა ცნობილია, რომ დეიფი ლიკვიდაციას 7-ჯერ უკვე გადაურჩა. "ცაჰალის" მონაცემებით, მასთან ერთად, ჰუმანიტარულ ბანაკში კიდევ ერთი ტერორისტი - ხან-იუნისის ბრიგადის მეთაური, რაფა სალამე იმყოფებოდა.
ღაზაში ისრაელი იერიშებს ყოველდღიურად ახორციელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ, სამხედრო კამპანიას, ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელ პირობად მიიჩნევს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი შვიდი ოქტომბრის ტერაქტის გამოძიებას და პრემიერის, საკუთარი თავის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება ისრაელის პირველ პირებთან დაკავშირებით. იოავ გალანტმა განცხადება ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე გააკეთა. ისრაელის უდიდეს ქალაქებში დემონსტრანტები ნეთანიაჰუსგან ტყვეების გაცვლაზე შეთანხმების მიღწევას ითხოვენ. ისრაელის პრემიერი, ამ ეტაპზე, გამოსავალს ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასის" მიმართ ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ ხედვას, ისრაელის ომის კაბინეტის კონსერვატიული მიდგომებით ხსნის და ამბობს, რომ ისრაელს ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ომის კაბინეტი ჰყავს, რომლისთვისაც პალესტინის და ისრაელის თანაარსებობის იდეა მიუღებელია.
ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული ინიციატივის შესახებ მოლაპარაკება ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის უშედეგოდ მიმდინარეობს. ახლო აღმოსავლეთში ომს უკვე 39 582 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე