22 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
მსგავსი არც მოლაპარაკება მიმდინარეობს და არც ამ სქემაზე ვფიქრობთ, ჩვენ ახლა კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან ვატარებთ - მამუკა ხაზარაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

შეძლებს თუ არა, სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებული პოლიტიკოსების შერიგებას და მათ ერთ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებას - საუბარია მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებზე.

ოპოზიციურ შერიგებას არცერთ პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირებულები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.

"როგორც გითხარით, მსგავსი არც მოლაპარაკება მიმდინარეობს და არც ამ სქემაზე ვფიქრობთ. ბევრი მსგავსი ინფორმაცია მოვისმინე ამ დღეებში - კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ახლა კონსულტაციებს ვატარებთ სხვადასხვა პარტიასთან.

ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველანაირი ძალა, რომ "ქართული ოცნება" არ დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. რაც შეეხება, ვისთან იქნება კოალიცია, დაჯგუფება თუ ა.შ. - ამას პირველად ჩემგან გაიგებთ, აუცილებლად.

სანამ გიორგი გახარია თავის პოზიციას არ დააფიქსირებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე ჩემი პერსონალური პრეტენზია კი არ მაქვს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამის მერე შევხედავთ," - აცხადება მამუკა ხაზარაძე.

”გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება "ლელო" ნაცებს შეუერთდეს, ვინაიდან მთელი ეს პერიოდი "ნაცების" ხმებზე პარაზიტირებდნენ": ​

"სულ ვამბობთ, რომ არიან "ქოცები", "ნაცები" და ჩვენ". ამ ახალ ვერსიაში კი იქნება - "ქოცები", "ნაცები", მათი მოღალატეები და ჩვენ, რაც სურათს პრინციპულად არ ცვლის, მაგრამ ამომრჩევლისთვის უფრო გასაგებ სურათს ააწყობს. საბოლოო ჯამში, რომელი პოლიტიკური პარტია დაითრევს "ლელოს" ფულს ესეც მეორეხარისხოვანია, რადგან გასაგებია, რომ "ლელოს" მთავარი დამსახურება ფულია. რაღაც განსაკუთრებული პოზიციები არ აქვთ, რის გამოც არ შეიძლება ვინმესთან გაერთიანდნენ. ზოგადად მაინც "ნაცებში" იქნებოდა მათი გაერთიანება, რადგან მთელი ეს პერიოდი "ნაცების" ხმებზე პარაზიტირებდნენ და მგონია, ძალიან რთული იქნება "ქოცების" ხმებზე გადაერთონ,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტია "ახალში" კი კვლავ იმედოვნებენ, რომ "ლელო" მათ შეუერთდება:

"ძალიან ამაყი ვარ, ჩვენი გაერთიანება მოხდა "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" და დროასთან". მიმაჩნია, რომ ეს კონფიგურაცია მომგებიანია. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ლელოსთან" და ძალიან კარგი იქნება თუკი ისინი შემოუერთდებიან ჩვენს გაერთიანებას,"- აღნიშნავს პარტია "ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ქართლელიშვილი.

 

დღის ამბები