22 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილია, მაქსიმალურად განტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ პროცესში, მაქსიმალურად გათვალისწინებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხიც.

"თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამნისტიის შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

 "რაც პოზიტიური კეთდება, ხშირია ოპოზიციის მხრიდან, რომ უკავშირებენ არჩევნებს, ან ისეთ თემებს, რომელიც მათთვის არაა მნიშვნელოვანი. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენს ვართ ხელისუფლება და გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის," - აცხადებ კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირიდან, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. სიახლე დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით, პატიმართა, დაახლოებით, 10%-ს შეეხება. საერთო ჯამში, ამნისტია სხვადასხვა ფორმით, პატიმრების ერთ მესამედზე და 300-მდე მუხლზე გავრცელდება.

კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულებს არ შეეხებათ.

დღის ამბები