დაცული ტერიტორიები თავგადასავლების და ექსტრიმის მოყვარულებს აერთიანებს - წელს, ტურისტულ ადგილებში, მოგზაურებს ბევრი სიახლე დახვდათ. ოკაცეს კანიონი უკვე წლებია ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად მიიჩნევა. ოკაცეს ჩანჩქერთან 3D განათება დამონტაჟდა და მისი მონახულება სტუმრებს უკვე ღამის საათებშიც შეუძლიათ. ისინი, ვისაც ექსტრემი უყვართ, ზიპლაინით, 540 მეტრი სიმაღლიდან ეშვებიან.
ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია "თეთრა მღვიმე". სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ ადგილს წელს ბევრი სტუმრობს. ხალხმრავლობის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ღვინისადმი ინტერესია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, დამთვალიერებელს მღვიმეში საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სასმლის დაგემოვნება და ყიდვა შეუძლია.
თავგადასავლებით და მრავალფეროვანი პროგრამით, სტუმრებს მასპინძლობენ სამეგრელოს რეგიონიც. რეგიონში მოგზაურობა ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გიდები და ტურ-ოპერატორები სტუმრებს შემეცნებით და სათავგადასავლო პროგრამებს სთავაზობენ. დამთვალიერებელი აქ უნიკალური ჯიშის ფრინველებს და მცენარეებს ნახავს.
თავგადასავლებით და უნიკალური ბუნებით ტურისტებს კოლხეთის დაბლობი მასპინძლობს. პალიასტომის ტბაზე ვიზიტორებს ნავით გასეირნება შეუძლიათ. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ადგილებიც.
იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ტურისტულ ადგილებს მედიის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. ქვეყნის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ჟურნალისტები სათავგადასავლო ტურებში ამოგზაურა.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული ადგილები გარემოს დაცვის მინისტრმაც დაათვალიერა. ოთარ შამუგიამ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დაცული ტერიტორიების და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ორ თვიანი კამპანია უკვე მიმდინარეობს. ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციას მოგზაურები საქართველოში შემოსვლისთანავე მიიღებენ. "აღმოაჩინე საქართველოს ბუნება" და "საქართველო - ღვინის სამშობლო" - ამ შინაარსის საინფორმაციო ბანერები აეროპორტებშია გამოფენილი.