22 ნოემბერი 2024,   08:11
ვრცლად
ეზრა ზეიას ვიზიტის მეორე დღე და შეხვედრა პრემიერთან - ვის რა მოლოდინი აქვს ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოში ვიზიტს ასრულებს. მან ბოლო შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ, ამავე დროს, შემხვედრ პრაგმატულ და სამართლიან ნაბიჯებს ელოდება სტრატეგიული პარტნიორისგან.

ირაკლი კობახიძის და ენტონი ბლინკენის მოადგილის პირისპირ შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ეზრა ზეიამ თავისი ორ დღიანი ვიზიტი მედიასთან შეაჯამა.

მხარეებმა, სავარაუდოდ, ყველა ის პრობლემური საკითხი მიმოიხილეს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში დადგა. მეტი დეტალი მედიისთვის არ გასაჯაროებულა. სახელისუფლებო გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის კავშირები გაჯანსაღდება.

მთავრობის ადმინისტრაციამდე ენტონი ბლინკენის მოადგილის შეხვედრების ერთ-ერთი ლოკაცია ამერიკის ელჩის რეზიდენცია იყო. ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მსჯელობის მთავარ თემას კი 2024 წლის არჩევნები წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათი მუშაობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოითქვა და, ასევე, ცნობილი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდში ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო მისიებიც დააკვირდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩევნებზე საუბარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა. ელჩის რეზიდენციიდან ეზრა ზეიამ საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დამატებითი განცხადებები არც მისი დასრულების შემდეგ გაკეთებულა, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მედიას პირად საუბარში უთხრა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან კარგი შეხვედრა შედგა და საქმიანი მსჯელობა ჰქონდათ.

არასაჯარო ფორმატში მოისმინა ენტონი ბლინკენის მოადგილემ ონლაინ და რეგიონული მედიის წარმომადგენლების პოზიციებიც. ითქვა, რომ საუბრის დროს ყურადღება იმ პრობლემებზე გამახვილდა, რომელიც მათივე შეფასებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღების შემდეგ ექმნებათ.

არასამთავრობო სექტორის ნაწილს, საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის ლიდერებს, ასევე პრეზიდენტს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გუშინვე შეხვდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მთავარი, რასაც პარტნიორების შეფასებებში ითხოვენ, სამართლიანობა და ობიექტურობაა.

ეზრა ზეია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, წეროვანსაც სტუმრობდა, სადაც მან წეროვანის დევნილთა დასახლებასთან არსებული ორგანიზაციები მოინახულა.

დღის ამბები