22 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
შეერთებული შტატები, მეორე კვირაა, ცეცხლის, ქარისა და წყლის სტიქიას ებრძვის - სამაშველო სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. "ბერილი" - ასე ჰქვია შტორმს, რომელსაც ამერიკაში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტეხასის 3 მილიონი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები, გათიშულია შტატის ელექტროგადამცემი ქსელის უდიდესი ნაწილი, შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.

ყველაზე მეტად შტატის უდიდესი ქალაქი ჰიუსტონი დაზარალდა, სადაც ატლანტის ოკეანიდან შემოსულმა ტალღებმა და ძლიერმა ქარიშხალმა მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქალაქის აეროპორტში 1 100 რეისი გადაიდო. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთის დახმარებას ცდილობს.

მაშინ, როდესაც ამერიკის სამხრეთ ნაწილში 2 500 მაშველი მოსახლეობის გადარჩენას ცდილობს, ქვეყნის დასავლეთით მდებარე კალიფორნიის შტატში 900 მეხანძრე ანომალიური სიცხის გამო გაჩენილ ტყის ხანძარს ებრძვის. განადგურებულია 8 000 ჰექტარი ტყის მასივი. მთაგორიანი რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს მუშაობა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.

ამერიკის კლიმატის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანომალიური და უპრეცედენტო ტემპერატურული პირობები დაფიქსირდა. უწყების მონაცემებით, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიო მასშტაბით, გლობალური დათბობა იწვევს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

 

 

 

 

დღის ამბები