22 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველო თეატრისა და კინოს ერთ–ერთ გამორჩეულ მსახიობს, ქეთევან კიკნაძეს ემშვიდობება - მსახიობს 12 ივლისს დაკრძალავენ

46 წლის ასაკში, ფილმში "დათა თუთაშხია" შესრულებულმა მთავარმა როლმა, ქეთევან კიკნაძეს სახალხო აღიარება მოუტანა. საქართველო თეატრისა და კინოს ერთ–ერთ გამორჩეულ მსახიობს ემშვიდობება.

"დათა თუთაშხია", "შეხვედრა წარსულთან", "ტარიელ გოლუა", "თეთრი ბაირაღები" – ქეთევან კიკნაძემ ქართულ კინემატოგრაფიაში 20-მდე დასამახსოვრებელი როლი შექმნა.

მაყურებელს თავი თეატრის სცენაზე შესრულებული როლებითაც დაამახსოვრა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კიკნაძე მარჯანიშვილის თეატრს შეუერთდა – შემდეგ იყო რუსთაველის ეროვნული თეატრი. კიკნაძე ღირსების ორდენის მფლობელი იყო, 2017 წელს კი სახალხო არტისტს ვარსკვლავიც გაუხსნეს. ემოციებით სავსე - ასე იხსენებს "კურიერის" კამერასთან მსახიობი განვლილ გზას.

ბეჩუნის როლის შემსრულებელი არავის წარმოუდგენია რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის გარეშე. ხელოვანებმა, თავიანთი შემოქმედების გარდა, მაყურებელს თავი სასიყვარულო ისტორიითაც დაამახსოვრეს. წლების წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორი კარნავალზე გაიცნო, გიგა ლორთქიფანიძე ქეთევან კიკნაძეს სიყვარულში მალევე გამოუტყდა.

სიცოცხლის სიყვარულით სავსე – სწორედ ასე უწოდებენ ქეთევან კიკნაძეს მისი კოლეგები და მის მიერ შესრულებულ როლებს კიდევ ერთხელ იხსენებენ.

არტისტის ოჯახს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ქეთევან კიკნაძის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები თაობებმა შეიყვარა და გაითავისა.

ქეთევან კიკნაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი უსამძიმრებს არტისტის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ქართულ თეატრსა და კინოს გამორჩეული მსახიობი გამოაკლდა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე არტისტის გარდაცვალებას.

ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდები მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს 12 ივლისს დაკრძალავენ.

დღის ამბები