22 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
თავდასხმები ბავშვთა კლინიკასა და სამშობიაროზე - კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიში ყველაზე მასშტაბურია უკრაინაში ომის დაწყებიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში

უკრაინა დაღუპულებს გლოვობს. დაშვებულია დროშები, გაუქმებულია ღონისძიებები. ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები, მოხალისეები, ექიმები და სამხედროები თითქმის 30 საათი ეძებდნენ. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ კიევში, მსხვერპლი 30-ს აჭარბებს, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის - ბავშვები.

კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიში ყველაზე მასშტაბურია უკრაინაში ომის დაწყებიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში. შეტევა იმ დროს მოხდა, როდესაც უკრაინის ყველაზე დიდ - "ოხმატდიტის" საავადმყოფოში, ბავშვები, ონკოლოგიურ განყოფილებაში, სპეციალურ მკურნალობას გადიოდნენ.

მსხვერპლი მოჰყვა კიევში კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშს. სამშობიაროზე შეტევას 7 დაღუპული ჰყავს. დედაქალაქში, იერიშების შედეგად, მიწასთან არის გასწორებული 100-ზე მეტი შენობა. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა, 40 რაკეტით, უკრაინის 5 ქალაქზე კოორდინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის მასშტაბით, 43 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულების რიცხვი კი 190-ს აჭარბებს.

თავდასხმა ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა, სადაც ზელენსკის ლიდერებისთვის მეტი თავდაცვითი დახმარება უნდა ეთხოვა. დაარწმუნებს თუ არა დასავლეთს უკრაინის პრეზიდენტი, უცნობია, თუმცა ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭო უკვე მოიწვია. პრეზიდენტს თავის სიტყვაში არც ინდოეთის პრემიერის გაკრიტიკება გამორჩენია. უკრაინის პრეზიდენტის უკმაყოფილება, მოსკოვში, ნარენდა მოდის პუტინტან ჩახუტების კადრმა გამოიწვია.

კრემლში ამტკიცებენ, რომ კიევის ბავშვთა კლინიკაზე თავდასხმის უკან მოსკოვი არ დგას. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინული რაკეტით განხორციელდა.

ბავშვთა კლინიკასა და სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმებს ბარბაროსობა და ომის დანაშაული უწოდეს მსოფლიო ლიდერებმა. ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ბავშვების წინააღმდეგ აგრესიას შემზარავი უწოდა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები