22 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
საპროკურორო საბჭო გიორგი გაბიტაშვილს თითქმის 4 საათის განმავლობაში უსმენდა - ვინ გახდება საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი

ქურდული სამყაროს, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს იმ პრიორიტეტთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც გიორგი გაბიტაშვილს მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ექნება. საპროკურორო საბჭო კანდიდატს, რომელიც, მე-11 წელია, გენერალური პროკურორის მოადგილეა და უწყებაში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, თითქმის 4 საათის განმავლობაში უსმენდა. გაბიტაშვილმა პირობა დადო, რომ, მისი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტად დარჩება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულებაც. ასევე, გაიზრდება პროკურატურის როლი დაზარალებულის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიმართულებით.

ვრცელი აღმოჩნდა იმ კითხვების ჩამონათვალიც, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრებმა გიორგი გაბიტაშვილს დაუსვეს. აინტერესებდათ, უზრუნველყოფს თუ არა ის, მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, უწყების პოლიტიკისგან გამიჯვნას და რამდენად ითანამშრომლებს პარლამენტთან. საბჭოს ოპოზიციონერი წევრის ინტერესის საგანი კი, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გაბიტაშვილის შეხედულება და გეგმები იყო.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ, მთავარი პროკურორთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გასაუბრების პროცესი ფორმალურად მიმდინარეობს.

ოპოზიციის ბრალდებებს სახელისუფლებო პარტიაში კონტრარგუმენტებით უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპონენტებს წარსულიც შეახსენა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არც უწყების მუშაობაში და არც ხელმძღვანელი პირების არჩევაში მთავრობა არ მონაწილეობს.

გიორგი გაბიტაშვილი მეხუთე კანდიდატი იყო, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრებმა მოუსმინეს. პროცესი გრძელდება. პროცედურის თანახმად, ყველა კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, საბჭომ, ფარული კენჭისყრით, 3 პირი უნდა აარჩიოს, შემდეგ კი გადამწყვეტი სიტყვა უკვე პარლამენტს ეკუთვნის. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატებიდან სწორედ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ვინ გახდება საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი.

დღის ამბები