რუსმა ოკუპანტებმა, კიევში, მასშტაბური შეტევა ბავშვთა საავადმყოფოზე იმ დროს განახორციელეს, როდესაც ექიმები მოზარდს ოპერაციას უტარებდნენ. იერიშს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. დაღუპულებს შორის 2 ბავშვი და ექიმია. შენობის ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს. მათ გადარჩენას, ექიმებთან ერთად, პოლიცია, სამაშველო სამსახური და მოხალისეებიც ცდილობენ.
შექმნილი სიტუაციის გამო, საჭირო გახდა პაციენტების ევაკუაცია მუნიციპალურ საავადმყოფოებში. კიევის "ოხმატდიტი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული. ყოველწლიურად, აქ 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.
მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტების იერიშს კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე. ამჯერად, სამიზნე კიევში სამშობიარო გახდა. დაღუპულია 4 და დაშავებულია 3. რუსმა სამხედროებმა რაკეტები მაშინ გაუშვეს, როცა მაშველები და მშვიდობიანი მოქალაქეები "ოხმატდიტის" ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებდნენ.
მასობრივი თავდასხმების დროს, უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფებოდა, ზელენსკიმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სამშობიარო სახლსა და ბავშვთა საავადმყოფოებზე თავდასხმები დაგმო და დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.
ოკუპანტების სამიზნე უკრაინის სხვა რეგიონებიც გახდა. იერიშებისთვის, სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა გამოიყენეს. თავდასხმა მოხდა ქალაქ კრივოი როგზეც. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-მდეა. დაზიანებულია შენობები, სახლები და სამრეწველო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. იბომბება დონეცკიც. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში დაღუპულია 3 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
ბარბაროსობა და ომის დანაშაული - ასე აფასებენ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობს გაერო და ევროკავშირი. იტალია რუსეთს, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის გამო, ომის დანაშაულში ადანაშაულებს. თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმაც. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმას ყველაზე ამაზრზენი ქმედება უწოდა.
ავტორი: მარიამ იობიძე