"ნაციონალურ მოძრაობას" ყრილობამდე ბოლო დავალება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან მისცა. მთავარი გზავნილი მისი პარტიის გარშემო ახალი სახეების შეკრებას ეხებოდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, თუ ოპოზიციური პარტიები ერთობას ვერ შეძლებენ, "ნაციონალურმა მოძრაობის" სამიზნე საზოგადოების აქტიური სახეები უნდა იყვნენ.
2024 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობასთან" რაიმე სახის კონფიგურაცია ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. ხაზარაძე-ჯაფარიძე, გვარამია-მელია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სხვა ერთობისთვის ემზადებიან. 4 პოლიტიკური პარტია მოლაპარაკებების დასრულების ეტაპზეა. პარტია "ახალის" წევრები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, თუმცა გასულ კვირას სწორედ გვარამია-მელიას თანაგუნდელებმა დაადასტურეს, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", "დროასთან" და "ლელოსთან" კონსულტაციებს გადიან, მათ შორის მთავარი საკითხი საერთო სიის შედგენაა.
"ლელოც" და პარტია "ახალიც" ევროპულ საქართველოში დღეს უმოქმედობაში დაადანაშაულეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ამ სამ პარტიასთან ერთად, მის პოლიტიკურ ძალას შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა უცნაურად მიაჩნია, რატომ არ სცდება ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გვარამია-მელიას განცხადებები სატელევიზიო ფორმატს.
თუ ოპოზიციის ნაწილისთვის, 2024 წლის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად, გამოსავალი ამომრჩევლისთვის ახალი პლატფორმების შეთავაზებაა, ეს მიმზიდველი არ არის მეორე ნაწილისთვის. მიზეზი არაერთია, თუმცა მთავარი "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თუ ყოფილი წევრების პოლიტიკური ინტერესებია. "გირჩსა" და პარტია "საქართველოში" ამბობენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გავლენ.
ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს წარმატების შანსი არ აქვთ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ მის გარეშე, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიები მორიგი მარცხისთვის უნდა შეემზადონ.
რა კონფიგურაციით წარდგებიან პარტიები, საბოლოოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დეტალები უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. საარჩევნო სამზადისისთვის, პოლიტიკურ ძალებს კიდევ 4 თვე აქვთ.