რა არის დისლექსია - რა სიმპტომებით ხასიათდება, რატომ არის მისი სიმპტომების ცოდნა უმნიშვნელოვანესი ბაღის პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, სკოლის მასწავლებლებისა და თავად მშობლებისთვის იმისთვის, რომ ადრეულ ასაკში მოხდეს მისი პრევენცია და შემდგომ უკვე დისლექსიასთან ერთად ცხოვრება თავისუფლად შეძლოს ადამიანმა - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში ნეიროფსიქოლოგმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.
ინტერნეტწყაროებში სხვადასხვა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი - ზოგან წერია, რომ დისლექსია არის კითხვის უუნარობა, მეორეგან კი მთლიანად ერთიანდება და სწავლის უნარის დაქვეითებას ნიშნავს - რა არის სინამდვილეში დისლექსია?
"დისლექსია - ეს არ არის დაავადება, ეს არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, ტვინის მდგომარეობაა, ამ ადამიანებს აქვთ სხვანაირი ტვინი, მათი ტვინი მუშაობს სხვანაირად.
ჩვენ გვაქვს ორი ჰემისფერო - მარჯვენა და მარცხენა, ყველაფერს ინაწილებენ, ერთად მუშაობენ, ისევე, როგორც კითხვაში. კითხვაშიც ზუსტად ასევე მონაწილეობს ორივე ჰემისფერო, მაგრამ დისლექსიის მქონე ადამიანებს ეს აქვთ სხვანაირად. შედეგი არის ის, რომ ბავშვი პირველივე კლასიდან ეჭიდავება ასოებს.
დისლექსია, ვიწრო მნიშვნელობით, არის კითხვის უნარის დაქვეითება, და, ფართო მნიშვნელობით, ზოგადად, არის სიტყვით გაშუალებული ინფორმაციის დახსომების, წაკითხვის, შენახვის პრობლემა.
როდესაც ამბობენ, რომ არის დისლექსია, იგულისხმება კითხვის უნარის დარღვევა, რომელიც შედის დასწავლის უნარის დარღვევებში. მარტო კითხვის უნარის დარღვევა არ არის, რამაც შეიძლება შეაწუხოს ბავშვი. აკადემიური უნარებიც, როგორიც არის წერა, არითმეტიკული უნარები, ესენიც შეიძლება იყოს პრობლემატური და იმათ სხვა სახელი ჰქვიათ.
სხვათა შორის, დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში ეს ტერმინი არ იხმარება, გამოიყენება კითხვის უნარის დარღვევა. დისლექსია ფართოდ გავრცელებული ტერმინია,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.
რატომ უჭირთ მშობლებსა და მასწავლებლებს დისლექსიის სიმპტომების დროულად აღმოჩენა?
"იმიტომ უჭირთ, რომ ბავშვი არ განსხვავდება თავისი თანატოლებისგან, არაფერი პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად ვითარდება, საბავშვო ბაღში არაფერი პრობლემა, თითქოს, არ ჰქონია, მაგრამ რეტროსპექტიულად რომ შეხედავ, მშობელი გეუბნება, რომ ლექსების სწავლა არ უყვარდა, ან სიტყვებში ბგერებს სმენით ვერ არჩევდა და ა.შ., მაგრამ ფაქტია, რომ ტიპური განვითარების ბავშვია, ინტელექტი, როგორც წესი, საშუალო და კიდევ მაღალი აქვთ ამ ტიპის ბავშვებს, ამიტომ გაუგებარია, რატომ ვერ კითხულობს - ეს მიეწერება ხოლმე სიზარმაცეს და, ბუნებრივია, რომ ბავშვს არ უნდა სწავლა და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ძალიან კარგად ნიღბავენ ბავშვები იმიტომ, რომ მეხსიერება აქვთ.
გვქონია შემთხვევები, რომ მე-4 და მე-5 კლასში მოუმართავთ. ხშირად, მომართვიანობა კითხვის გამო კი არ ხდება, ქცევის გამო ხდება იმიტომ, რომ ძირითადად, არიან ბიჭები, უფრო ხშირად ხდება ბიჭებში. ქცევის პრობლემაა, რომ ვერ ახერხებს მასწავლებელი კლასში მისი ქცევის მართვას, ამიტომ აგდებენ კლასიდან, რადგან ეს ურევს კლასში ვითარებას.
ასეთ დროს, როდესაც ეკითხები ბავშვს, რა ხდება კლასში და ეუბნები, რომ წაგიკითხოს, გეუბნება, რომ არ წაგიკითხავს - ამაზე პროტესტს აცხადებს და უკვე ხვდები, რომ იქ რაღაცა პრობლემაა და როდესაც ეკითხები, თუ რატომ შეიძლება ასე მოხდეს კლასში, გეუბნება, რომ ურჩევნია იყოს უზრდელი, ვიდრე სულელი, იმ ფორმით, რომ ვერ წაიკითხოს. როგორც კი მისი ჯერი დგება წაკითხვის, ეგრევე იწყებს გამოწვევას მასწავლებლის, ან სხვა ბავშვების, ურჩევნია, რომ იარლიყი ჰქონდეს უზრდელის, ვიდრე სულელის. ერთი შემთხვევა კი არაა, ძალიან ხშირია ეს და სწორედ ეს განცდა აქვს ბავშვს, მასზე კარგად არავინ იცის, რომ მისი ყველა კლასელი კითხულობს მარტივ რაღაცებს და თვითონ ვერა.
ჩვენ - ნეიროქირურგებს ის კი არ გვადარდებს, რომ ვერ კითხულობს ბავშვი, პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება, რადგან თვითშეფასება ნული აქვს. ბავშვი მიიჩნევს, რომ ასეთი მარტივი რამ თუ არ გამოსდის, აზოგადებს და მერე რაც კარგად გამოსდის, იმასაც არ აკეთებს. როგორც წესი, მათემატიკა ეხერხებათ ასეთ ბავშვებს და ხატვა, [ამასაც] აღარ აკეთებენ, აზოგადებენ და ამბობენ, არაფერი არ შეუძლიათ.
ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ემოციური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცით კარგად, რომ როცა ბავშვი სტრესშია და თვითშეფასება დაბალი აქვს, ის ვეღარ სწავლობს ისე კარგად. ამიტომ, ეს არის ძალიან გლობალური პრობლემა, ეს არ არის მარტო კითხვის პრობლემა," - აცხადებს ნეიროფსიქოლოგი გადაცემა "შუადღეში".