22 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ჭაობი, რომლის შესახებაც მე გაფრთხილებდით, რა თქმა უნდა, ახდა, საფრანგეთი მთლიანად დაიბლოკება სამი ჯგუფით... ჩვენ კიდევ ერთ წელს ვკარგავთ - ​მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საფრანგეთი მთლიანად დაიბლოკება სამი ჯგუფით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი გავლენა აქვთ ეროვნულ ასამბლეაზე. თუმცა, ლე პენი იმასაც ამბობს, რომ მისი პარტია ფრანგების ინტერესს ყოველთვის დაიცავს.

"ჭაობი, რომლის შესახებაც მე გაფრთხილებდით, რა თქმა უნდა, ახდა. საფრანგეთი მთლიანად დაიბლოკება სამი ჯგუფით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი გავლენა აქვთ ეროვნულ ასამბლეაზე. ჩვენ ამისკენ მივდივართ, ეს სამწუხაროა. ჩვენ კიდევ ერთ წელს ვკარგავთ. მაგრამ თუ ჩვენ ამის გავლა დაგვჭირდება, მაშინ ამას გავივლით.

ჯორდან ბარდელას იგივე როლი ექნება, რაც ყოველთვის ჰქონდა - დაიცავს საფრანგეთს და დაიცავს იდეებს, რისთვისაც ჩვენ აგვირჩიეს, რადგან კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ეროვნული ასამბლეის ერთადერთი ერთიანი და თანმიმდევრული ჯგუფი ვართ. როგორც ჯორდან ბარდელამ თქვა, ჩვენ ყოველთვის ფრანგების ინტერესებს დავიცავთ", - განაცხადა ლე პენმა.

ცნობისთვის, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი - "ახალი სახალხო ფრონტი" იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება," რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ამასთან, ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვების მიუხედავად, "ახალმა სახალხო ფრონტმა" ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

დღის ამბები