ისრაელი-ლიბანის საზღვარი კონფლიქტის ზონად გადაიქცა. ორმხრივი ცეცხლის პირობებში, საზღვრის ორივე მხარეს ძლიერი ხანძარია. ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ორასი რაკეტა გაუშვა. ისრაელზე მასირებული შეტევის მიზეზად დაჯგუფება "ცახალის" მიერ საკუთარი სამხედრო ლიდერის ლიკვიდაციას ასახელებს.
თავდასხმაზე საპასუხოდ, "ცახალმა" ლიბანის სამხრეთით მდებარე "ჰეზბოლას" სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განახორციელა. ორმხრივი ცეცხლის პირობებში, ქვეყნების საზღვარზე არსებული ვითარება სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. დაპირისპირების ეს ეპიზოდი, უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.
ლიბანური "ჰეზბოლა" ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კონფლიქტის პირობებში "ჰამასის" მხარდამჭერია. ორივე დაჯგუფება კი ირანის მოკავშირე. ომში ირანის მზარდი როლის და კონფლიქტის გაფართოების რისკის გათვალისწინებით შეერთებული შტატები და ""გაერო"" სიტუაციის დეესკალაციას ცდილობენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თუ დიპლომატიამ შედეგი არ გამოიღო ისრაელი ტერორისტულ დაჯგუფება ""ჰეზბოლასთან"" ომისთვის მზად იქნება.
ლიბანურ "ჰეზბოლასთან" ესკალაციის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მსჯელობენ. ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა საინფორმაციო სააგენტო ""რეიტერი"" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფება ""ჰამასმა"" საგრძნობლად შეარბილა ისრაელთან ზავის წინადადების პირობა. ისრაელის მთავრობა ტერორისტული დაჯგუფების შეთავაზებებს სწავლობს და პასუხის გასაცემად ემზადება. ისრაელის პრემიერი ცეცხლის შეწყვეტას მანამ არ დათანხმდება ვიდრე "ჰამასი" ყველა ისრაელელ ტყვეს არ გაათავისუფლებს.
ლიბანურ "ჰეზბოლასა" და ისრაელს შორის ესკალაციის ფონზე, ღაზაში სოციალური კატასტროფაა. კონფლიქტის ზონაში მდებარე ხან-იუნისში მოქმედი საავადმყოფო ელექტროგენერატორების არქონის გამო, კოლაფსის წინაა. ახლო აღმოსავლეთში ომს, 40 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.