ბათუმში ტრაგედიას 37 წლის ქალი ემსხვერპლა. საზღვაო პარაშუტი, ბათუმის იახტ კლუბიდან, საღამოს შვიდ საათზე აფრინდა და დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ ზღვაში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ საფრენი მოწყობილობით, ტურისტები გადაადგილდებოდნენ.
37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, ასევე ვარდნისას დაშავდა ახალგაზრდა ქალის მეუღლე. 39 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაშია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
"კურიერის" ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ქუვეითის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში, დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო პარაშუტი ქარმა დააზიანა. გაწყდა კატერზე მისაბმელი და საფრენი მოწყობილობა სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს იმ იახტ კლუბში მივიდა, საიდანაც კატერმა საზღვაო პარაშუტით, ზღვაში ტურისტები გაიყვანა. კერძო კომპანიაში ამტკიცებენ რომ საფრენი მოწყობილობა ტექნიკურად გამართული იყო და ტრაგედიის მიზეზს მხოლოდ ამინდს უკავშირებენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, ამას გამოძიება დაადგენს.
"კურიერის" ინფორმაციით, უკვე ორი დღეა სამართალდამცველები თვითმხილველებს და იახტ კლუბის თანამშრომლებს კითხავენ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.