ფეხბურთი, პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად იქცა. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ჯილდოს გამო მადლობას და ამ მადლობის გამო ნაკრების წევრების მწვავე კრიტიკას.
"ქართული ოცნება" ოპონენტებს ფეხბურთელების ბულინგში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული თავდასხმაა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ფულის აღებით ნაკრებმა ისტორიული შეცდომა დაუშვა. მისივე განმარტებით, ფეხბურთელების მხრიდან მადლობის თქმა, სრულიად მიუღებელია.
"თანხა საერთოდ არ უნდა აეღო ბატონ გურამ კაშიას და სახელოვანი ნაკრების წევრებს, ეს იქნებოდა ვაჟკაცური, პატრიოტული და ეროვნული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ბატონ კაშიას უნდა ეკითხა ბიძინა ივანიშვილისთვის, მე დავრბოდი ლგბტ სამკლავურით ევროპის მოედნებზე, დღეს თქვენ მიიღეთ ანტი ლგბტ კანონი, ამიტომაც არ ავიღებ თქვენგან მოძღვნილ ძღვენსო. ეს იქნებოდა პრინციპული. გამოდის, რომ ვინც გადაუხდის იმის სამკლავურით ირბენს?!
ივანიშვილისგან ფულის აღება, ვფიქრობ, ისტორიის წინაშე სერიოზული შეცდომაა. ხოლო მადლობა, როგორც ამის დამაგვირგვინებელი აქტი, ასევე სრულიად მიუღებელია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და სხვა წევრებმა, ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მადლობა 30 მილიონი ლარის ჯილდოსთვის გადაუხადეს. ეს პრემია ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გასვლის დათქმით მიიღო. კრიტიკა გასცდა სოციალურ ქსელებს - ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ამ თემას ბრიფინგიც კი მიუძღვნა.