ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მოქმედი ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვს.
როგორც კობიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, სანიოლთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.
"ის, რომ ვილის მიმართ ინტერესი არის, ეს გასაგები და ლოგიკურია, თუმცა ეს ინტერესი მანამდეც იყო, სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ზოგადად, ბოლო პერიოდში ვილის მიმართ ინტერესი იყო, რადგან ის წარმატებული გზა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ამას ყველა ხედავდა და მედიის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები ინტერესდებოდნენ ვილი სანიოლით. დღევანდელი სიტუაცია რაც არის, წლის ბოლომდე ჩვენთან აქვს მოქმედი ხელშეკრულება. შესაბამისად, სექტემბრიდან ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას მთავარ მწვრთნელთან ერთად. სამომავლოდ, ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი ვილისთან და ეს საუბარი დიდი ხანია დაწყებულია. ვილიმ იცის ჩვენი პოზიცია, რომ გვინდა რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს ჩვენთან, რათა კიდევ გავაგრძელოთ ეს გზა და ასევე, ჩვენც ვიცით მისი პოზიცია. საბოლოოდ რა იქნება გადაწყვეტილი მომდევნო წლიდან ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არსებობს და ორივეს გვაქვს სურვილი, რომ მომდევნო წლიდანაც ერთად ვიყოთ",- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.