22 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
12 ქალაქი, 24 საგამოცდო ცენტრი და 47 000 მეტი აბიტურიენტი - საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

სკოლის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ეტაპი, რომელიც მომავალ პროფესიასა და წარმატების გზას განსაზღვრავს.

ემოციური ფონი დღეს ყველას მაღალი ჰქონდა, თუმცა საკუთარი შედეგებით კმაყოფილები იყვნენ. ამბობენ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარება არ გაუჭირდათ.

ტრადიციულად საგამოცდო პროცესს, გარედან აბიტურიენტების მშობლები და ახლობლები აკვირდებოდნენ. ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, ყველა ერთად, ცენტრის შესავლელთან შეიკრიბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს ორ სესიად ჩატარდა. პირველმა ნაკადმა რეგისტრაცია დილის 8 საათზე გაიარა და საგამოცდო პროცესი 9 საათზე დაიწყო. აბიტურიენტების მეორე ნაკადი გამოცდაზე 3 საათზე შევიდა. თბილისში საგამოცდო პროცესს გამოეთიშა მხოლოდ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდაზე დააგვიანა.

აბიტურიენტების რეგისტრაციასა და გამოცდების მიმდინარეობის პროცესს, თავად დაესწრო განათლების მინისტრი. გიორგი ამილახვარი 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დილის 8 საათზე მივიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 24 ცენტრია გახსნილი. დარეგისტრირებულია 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 9 000-ზე მეტმა ჩააბარა.

აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის მიმართვა მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრემიერმა ახალგაზრდების ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებასა და მეტი წინსვლის პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. ერთიანი ეროვნული გამოცდები, 23 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 26 ივლისს დასრულდება.

დღის ამბები