საქართველოს მადლობა ეროვნულ ნაკრებს, სახალხო ზეიმი და საერთო სახალხო მადლობა "ჯვაროსნებს", რომლებმაც ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი - ხალხის ზღვამ თბილისის ცენტრალური ქუჩები საკუთარი გმირების გამო წალეკა.
ეროვნული დროშები, ნაკრების მაისურები, მოტოციკლეტებისა და ავტომობილების ესკორტი, შეძახილები - ამ ყველაფერს საქართველო და მთელი მსოფლიო თვალს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ადევნებდა.
მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით გამოსულ ნაკრებს, პატარები სირბილით მისდევდნენ, ფეხბურთელები კი მადლიერების ნიშნად მათ სხვადასხვა ატრიბუტიკას და ავტოგრაფებს უბრუნებდნენ, უპირობო სიყვარულს, რომელიც "ჯვაროსნებმა", საკუთარი ქვეყნის წარმატებისთვის მოიპოვეს. ღირსეულად დაიწყეს კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლა და ველიც ღირსეულად დატოვეს.
ერთგულ გულშემატკივართან შეხვედრის წამებს ითვლიდა თითოეული ფეხბურთელიც. დედაქალაქში ასეთი შთამბეჭდავი სანახაობა დიდი ხანია არავის ახსოვს. ტაში, სიმღერა, შეძახილები და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელიც ჯვაროსნებს შეაგებეს მადლობა იყო.
შეხვედრა შედგა, ათასობით გულშემატკივარს პირველმა ნიკა კვეკვესკირმა მიმართა, ნაკრების გამორჩეულმა მოსაუბრემ, რომელმაც გუშინ წამყვანის, როლიც მოირგო და ქომაგებს, თითოეული ფეხბურთელი ღირსეულად წარუდგინა.
სწორედ სამშობლოს მიუძღვნეს ისტორიული გამარჯვება, ქართველმა გმირებმა. ეს იყო კაპიტნის გურამ კაშიას, შეძახილის მთავარი სათქმელიც. კიდევ ერთი და მთავარი, რაც კაპიტანს ასევე არ დავიწყებია იყო მადლობა, საპასუხო მადლობა- ამჯერად გულშემატკივრისთვის.
სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და ღირსების ორდენით პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი უკლებლივ ყველა პირი დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, ზეიმი ისევ გაგრძელდა.
ნანატრი შეხვედრის, სახალხო ზეიმის, ბედნიერების, სიამაყის და სიხარულის ბოლო აკორდი საყვარელ ფეხბურთელებთან ჩახუტება, მათი ავტოგრაფი და საერთო ფოტოები იყო. დღესასწაულს კი კეთილი ზღაპრის ბოლო ნამდვილად ჰქონდა, გრანდიოზული ფოიერვერკი, რის შემდეგაც ემოციებით დატვირთულ ფეხბურთელებს, ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებულად გაუჭირდათ.
გულშემატკივართან ზეიმის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა გვიან ღამით თავისუფლების მოედნიდან რესტორან "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც მათი პატივისცემის ნიშნად, საზეიმო ვახშამი მოეწყო. ქომაგები იქაც არავის დავიწყებია, მადლობა გულშემატკივარს არაერთხელ გადაუხადეს.
საზეიმო ვახშამს ხელისუფლების პირველი პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბიჭების მიღწევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, საქართველო გვიან ღამით დატოვა. ვილი სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა.
ევროპული თავგადასავალი 26 მარტს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები არა მხოლოდ საკუთარი ერის არამედ, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.