26 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ბრიტანეთი საქართველოს ერთგული მეგობარია - ვაფასებთ თქვენ მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ვიზიტის მნიშვნელობა. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.

მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს. ლეო დო-ქერტიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.

აღინიშნა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.

"ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.
ჩვენ ვართ საქართველოს ერთგული მეგობარი, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და თქვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ასევე იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. სამხრეთ კავკასიისთვის გეოპოლიტიკურად ძალიან რთული პერიოდია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და დიალოგის გზით მიაღწიონ მშვიდობას. ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა საქართველომ ამ მიმართულებით. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროებში, ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მოუთმენლად ველი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა ლეო დო-ქერტიმ.

დღის ამბები