26 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, "გლობალური კარიბჭის" ფორუმზე დღეს მთავარი მომხსენებელი იქნება - ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023".

"გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.

"გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია, პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად, 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება.

"გლობალური კარიბჭე" აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება, ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად.

ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე - "სატრანსპორტო დერეფნები" საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ პრემიერი ფორუმის ფარგლებში მთავარი მომხსენებელია.

"ქალბატონი ურსულას მოწვევით, საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში "გლობალური კარიბჭე". ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომხსენებელი დღეს," - აცხადებს მახარობლიშვილი.

დღის ამბები