26 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდათ - განათლების სამინისტრო მზადაა ყველა მათგანს დავალიანება დაუფაროს 

სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა, იმ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სტატუსშეჩერებულ 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება უნულდება, ხელი უკვე მოაწერეს.

განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე სიცრუე უწოდა იმ ინფორმაციას, თითქოს უწყება კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა. გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრომ საკითხზე მუშაობა პრემიერის განცხადებისთანავე დაიწყო და შეხვედრები 60 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთანაც გამართა.

450-მა სტუდენტმა სტატუსის აღდგენის მიზნით უკვე მიმართა ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. კერძო უნივერსიტეტებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სტუდენტების ინტერესებსა და სოციალურ მდგომარეობაზეა მორგებული, რაც მათ მომავალზეც ეფექტურად აისახება.

კერძო უნივერსიტეტების მსგავსად, სტუდენტების ინტერესებზე აკეთებენ აქცენტს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რექტორების შეფასებით, ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი, დაუბრუნდნენ სწავლის პროცესს, ამისთვის კი განათლების უწყება შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს.

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებას მიესალმება ოპოზიციის ნაწილი. ამბობენ, რომ ეს პრობლემა განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხს უფრო გაზრდის.

სტატუსშეჩრებული სტუდენტებისთვის, ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივა, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილებაზე 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სტუდენტების დავალიანების დასაფარად 40 მილიონი ლარი უკვე გამოიყო.

 

 

დღის ამბები