26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ უთხრა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს უარი ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებზე.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.

"მინდოდა რამდენიმე სიტყვით მეც გამეკეთებინა კომენტარი ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მან, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება შეასრულოს.

მე ერთი თვის წინ დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა მთავრობის არგუმენტაცია განვმარტო. რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას, და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამას ადამიანი რომ მოისმენს, ბუნებრივია, ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, უფრო მეტსაც ვიტყოდი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, როგორც მთავარი კანონის დამცველები, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ იყო აბსოლუტურად გამართლებული.

აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ გახსენდებათ რომელიმეს აღშფოთება, შეშფოთება ან პროტესტი, მას შემდეგ რაც მოისმინეს პრეზიდენტის ის განცხადება, თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი, ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივად ასახსნელი, ეს არის ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის. ასეთი ვაჭრობა თუ შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ვალდებულებებს, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება. ჩვენმა პატარა ქვეყანამ კი მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით, თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას.

არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად "ქართული ოცნების" დამსახურება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა.

ახლა მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები