26 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
რატომ არის მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი არაკონსტიტუციური - ირაკლი კობახიძის განმარტება

რატომ არის მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი არაკონსტიტუციური - ამის შესახებ განმარტება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მან ახსნა ის გარემოებაც, თუ რატომ გახდა საჭირო კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის შეტანა, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავდა კომპეტენციებს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საგარეო პოლიტიკის წარმოების საკითხში.

"პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა და დასკვნის დადება. საჭიროა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მე მინდა, ასევე, განვმარტო, რატომ გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს. საქართველოში გახსოვთ, იყო პრობლემური შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ უფლებამოსილებებს და კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. იყო ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს, პრეზიდენტსაც სურდა, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და მაშინ კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს ამ თემაზე. გარდა ამისა, მაგალითად, მოლდოვაში იყო შემთხვევა, როდესაც მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მაშინ პრეზიდენტი იყო პრორუსული ორიენტაციის, მთავრობა კი პროდასავლური და პრეზიდენტი ხშირად ესწრებოდა რუსეთში გამართულ ღონისძიებებს, რაზეც კონსტიტუცია არ აძლევდა მთავრობას რეაგირების საშუალებას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იყო არაერთი პრობლემური შემთხვევა.

სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები, სადაც საპარლამენტო ან შერეული სისტემა მოქმედებს. სწორედ ამისათვის ჩაიწერა კონსტიტუციაში მკაფიოდ, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, ვინც აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, არის მთავრობა. მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ რაიმე როლი შეასრულოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. პირდაპირ ადგენს საქართველოს კონსტიტუცია, რომ ხალხი სწორედ მთავრობას ირჩევს არაპირდაპირი ფორმით საგარეო პოლიტიკის წარმოების მიზნით და არა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, მთავრობას ენიჭება პრიორიტეტი.

რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მთავრობის და პრეზიდენტის პოზიციები. პრაქტიკაში რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად, შარლ მიშელის თანაშემწემ შარლ მიშელს დაუდო ფურცელი, სადაც არის მოყვანილი სალომე ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ხომ დასვამს კითხვას მიშელი - ეს მართალია, რაც იმან თქვა საქართველოს პარლამენტის შენობაში, თუ არის ტყუილი?! რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი იქ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა იმისათვის, რომ მაგალითად, გაემაგრებინა რადიკალური ოპოზიცია. მას მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში არის კონტრპროდუქტიული, უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. აქედან გამომდინარე, მთავრობის უარი იყო გამყარებული არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები