26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
დამაბნეველი განცხადებები კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ, ვიცით რა გვინდა და მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე - გია ვოლსკი ევროკომისიის განცხადებაზე

ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი აკეთებს.

თემა თბილისში პოლიტიკური დისკუსიის საგანია - მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო დამაბნეველი და იმედგამაცრუებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრებას წლებია ელოდებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ დამაბნეველი პასუხების მიუხედავად, მთავარია ქვეყანამ იცის რა სურს და მყარად დგას თავის პოზიციაზე.

"თუკი ამათ, ამ სტრუქტურებს, ერთმანეთში გარკვეული ტერმინოლოგია არ აქვთ შეთანხმებული და ასეთი განცხადებები კეთდება 2030 წელთან დაკავშირებით, კომისიის წარმომადგენლის გამოსვლა და ერთმანეთთან არ ჰქონიათ ამ თემაზე ლაპარაკი, ესეც დამაბნეველია. იმიტომ, რომ არსებობს პასუხი ამაზე. "2030 წელი დაახლოებით დავასახელეო" ახლა შარლ მიშელი იტყვის, ესენი ამბობენ, რომ მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთ და შეიძლება 2030-მდეც მოხდეს, შეიძლება მას მერეცო 2040-ში.

ასეთი მაგალითები გვაქვს, რომ ათეული წლებია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დგანან და ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მსჯელობა მიმდინარეობს, დამაბნეველი განცხადებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ. ჩვენ ვიცით რა გვინდა და მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები