საერთაშორისო კომპანია "ევრონიუსი" ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში Explore გავა. სიუჟეტით, არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ეკოტურისტული მიმართულებები, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8 000 წლოვანი ტრადიცია.
გადაცემა Explore-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაღებები ბათუმიდან დაიწყო და მთავრობის თავმჯდომარისგან აჭარის საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძების მასტერკლასები, ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის ქვევრიდან ამოღების პროცესი ევრონიუსმა ქობულეთში გადაიღო. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.
რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.
წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. ევრონიუსს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო რეკლამა BBC -სა და Deutshce Welle-ს ეთერში განახორციელა. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც.
”ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან გახარებული ვარ. ეს არის ქვეყანა, სადაც ჩამოსვლა დიდი ხანია მინდა. მასზე ბევრი რამ ვიცოდი, ასე რომ ჩამოვედით და თქვენს ცნობილ ქართულ სტუმართმასპინძლობას ვეზიარეთ. დავაგემოვნეთ მართლაც საოცარი კერძები.
ულამაზესი ბუნება გაქვთ ეროვნულ პარკებში. პირადად ჩემთვის ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ჩვენი რეპორტაჟით ძალიან მინდა ეს ქვეყანა ბევრმა გაიცნოს თავისი იუნესკოს მიერ დაცული ეროვნული პარკებით, მთებით და სანაპიროებით, ისტორიით, თანამედროვე შენობებით და განვითარებით,” - აცხადებს ევრონიუსის კორესპოდენტი ნაომი ლოიდი.