ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს - განცხადებას Europa Press-ი ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, უკრაინაში "მშვიდობის ფორმულის" საკითხთან დაკავშირებული ახალი შეხვედრა, შესაძლოა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს, რომლის ჩატარება სექტემბერში არის დაგეგმილი.
"შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქში ჯიდაში ჩატარებული მოლაპარაკებების გაგრძელება გახდება, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა," - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ჯიდაში ჩატარებული შეხვედრა უკრაინის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახდა, რომელიც ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეგავლენის მოხდენას აიძულებს.
"ომის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, ევროკავშირი კი - უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს," – დასძინა ბორელმა.