26 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი - რამდენ დაკარგულს ეძებენ და როგორია სამძებრო სამუშაოების მე-15 დღე რაჭაში

შოვში დამანგრეველი სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი იპოვეს, ტრაგედიის დროს დაღუპულთა რიცხვმა 27-ს მიაღწია. შუახნის მამაკაცის ცხედარი, სტიქიის ზონიდან 25 კილომეტრის მოშორებით ნახეს, მდინარეების რიონისა და ღარის შესართავთან. შემთხვევის ადგილას შესაბამისი პროცედურა ჩატარდა, რომელსაც სამართალდამცველებიც ესწრებოდნენ. ვინაობის დასადგენად, ტრაგედიისას დაღუპული, ქუთაისის პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

ტერიტორია, სადაც მაშველებმა 27-ე ცხედარი აღმოაჩინეს, მერვე საპატრულო სექტორს ეკუთვნის, მიმდინარე სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგებზე, დღის ბოლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მონიტორინგი სულ 18 სექტორზე მიმდინარეობს.

6 დაკარგულს სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ. მაშველები მუშაობენ როგორც მეწყრულ მასაში, ასევე მდინარის კალაპოტებში. იყო ადგილები, სადაც ცოცხალ ძალას დამატებით დახმარება სჭირდებოდა, თუმცა არამყარი ნიადაგის გამო, სპეც ტექნიკა ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მსგავს რთულ ლოკაციებზე, დღეს დილიდან მძიმე ტექნიკა განთავსდა. მუშაობენ ძირითადად მდინარეების კალაპოტებში, სადაც წყლის დინება სწრაფია და ხშირად სიღრმეც 2 მეტრს არწევს.

სტიქიის ეპიცენტრში, მდინარის კალაპოტების გარდა, აქტიურადაა მობილიზებული ცოცხალი ძალა. მეხანძრე მაშველებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმ ადგილებში არიან გადანაწილებულები, სადაც სასტუმროები და საკურორტო დაწესებულებები იყო განთავსებული.

არსებობს თუ არა რისკი, რომ სტიქია განმეორდეს - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და შესაძლო საფრთხეებზე სასაუბროდ, ონის მუნიციპალიტეტში დღეს გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სპეციალისტების თქმით, შოვში ღვარცოფის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. საბოლოო დასკვნა კი სამ კვირაში გასაჯაროვდება.

ბოლო მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23-ის ვინაობა დადგენილია. 4 ცხედრის იდენტიფიცირებისთვის, ამ დრომდე ექსპერტიზები და დნმ კვლევები ტარდება.

დღის ამბები