ქვეყანა ვაშლის უხვი მოსავლის მოლოდინშია. საქართველოს მასშტაბით, მოსავლის საერთო რაოდენობის 70%-ს ისევ შიდა ქართლში ელოდებიან.
მიმდინარე წელი გამორჩეული იყო არასტაბილური კლიმატითაც. ამის გათვალისწინებით ფერმერებს ჩაუბარებელი მოსავალი რომ არ დარჩეთ, მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს. ხილის გადამამუშავებელი კომპანიები მოსავლის მისაღებად აქტიურად ემზადებიან. პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს გააკონტროლებს.
ვაშლის მოსავლის პოპულარიზაცია წელსაც მთავრობის პრიორიტეტია, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებსა და ხილის გადამამუშავებელ კომპანიებს, რომ მათთვის სასურველი პროდუქცია აწარმოონ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტოსგან თითო კილოზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.
გასულ წელს საწარმოებმა 73 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა კი 18 მილიონამდე შემოსავალი მიიღეს. წინასწარი მონაცემებით წელს 50 000- მდე ტონა არასტანდარტული ვაშლის მოსავალს ელოდებიან. მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ვაშლის სუბსიდირების ინიციატივა ფერმერების წახალისებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.