26 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი - ლევან ხაბეიშვილი

სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, ანაკლიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის იდეაზე – ქალაქ ლაზიკის დაარსებაზე ისაუბრა.

"ყველამ კარგად იცის პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა, ძალიან დიდი იდეა, ამ იდეას აქვს სახელი, ეს არის ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში. ჩვენ გეტყვით, რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი, დედაქალაქის შემდეგ ყველაზე დიდი; ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მილიარდის ეკონომიკა იქნება; ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება; და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არცერთი ოჯახი, ხაზს ვუსვამ, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად,"-აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი.

"მთავარი დაპირება, რაც მინდა, გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის. სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები