26 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
რა ახალ პერსპექტივას უქმნის ქვეყანას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლა - ჩინეთში ვიზიტის შედეგებს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ

მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და 20 ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე გიგანტთან, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის რომ ისტორიული შედეგია, "ხალხის ძალამ" საგანგებო წერილშიც აღნიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებთან ერთად ფინანსური მდგრადობის გარანტიაც გახდება. 

რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან - განმარტებებს ოპოზიცია, საგარეო საქმეთა მინისტრისგან ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში არ შედის, ამის გამო კი ოპოზიციის ნაწილი, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.

ოპონენტების კრიტიკა გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს 110 და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი და მისი შედეგები ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას დამატებით საფრთხედ აღიქვამს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ახალი თანამშრომლობა, ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებს.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას რომ საფრთხე არ ემუქრება, ეს დღეს ამერიკის ელჩმა დაადასტურა. კელი დეგნანის თქმით, შტატები საქართველოსთან პარტნიორობას მომდევნო წლების განმავლობაშიც ისევე განაგრძობს, როგორც ეს გასული სამი ათწლეულის განმავლობაში იყო.

ახალი სტრატეგიული პარტნიორობა მმართველი გუნდის შეფასებით, ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების რიცხვსაც გაზრდის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები განათლების, კულტურის, პოლიტიკური და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია.

ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანა. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ჩენგდუში, საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგად მიიღეს, რაც ერთობლივი დოკუმენტის გამოქვეყნებით დადასტურდა.

დღის ამბები